მარკო რუბიო: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
„აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ინდოეთში ვიზიტის დროს.
„ვფიქრობდით, რომ, შესაძლო იყო, წუხელ რაიმე სიახლე გვქონოდა. დიდად არ ჩავუღრმავდები. პასუხის მიღებას ცოტა დრო სჭირდება“, - აღნიშნა რუბიომ.
რუბიომ აღნიშნა, რომ მაგიდაზე საკმაოდ მყარი საკითხი დევს ირანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაიწყოს „ნამდვილად მნიშვნელოვანი, დროში შეზღუდული მოლაპარაკებები ბირთვულ საკითხებზე“.
რუბიომ დასძინა, რომ პოტენციურ შეთანხმებას დიდი მხარდაჭერა აქვს სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მსოფლიოს მხრიდან.
მან, ასევე, გაიმეორა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ ჩქარობს“ და „ცუდი შეთანხმების დადებას არ აპირებს“.
„ჩვენ ან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება“, - აღნიშნა რუბიომ.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ლიბანი შეთანხმებას, რუბიომ განაცხადა, რომ ისრაელთან და ლიბანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.