მარკო რუბიო: აშშ მზადაა ირანთან დიალოგისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მზადაა ირანთან თანამშრომლობისთვის“.
რუბიომ უპასუხა რეპორტიორის კითხვას, მზად არის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია კომპრომისებზე წავიდეს თეირანთან შესაძლო მოლაპარაკებებში, მათ შორის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებით, რათა თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო ქმედებები.
რუბიომ განაცხადა, რომ შედეგების მისაღწევად, ქვეყნებმა რამდენიმე ძირითადი საკითხი უნდა განიხილონ, მათ შორის „ირანის მიერ რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების სპონსორობა“, ირანის ბირთვული პროგრამა და „საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები“.
„თუ ირანელებს შეხვედრა სურთ, ჩვენ მზად ვართ. მათ გამოთქვეს შეხვედრისა და მოლაპარაკების ინტერესი. ჩვენ შეხვედრა და საუბარი გვირჩევნია. დარწმუნებული არ ვარ, შევძლებთ თუ არა მათთან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ ვეცდებით“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.