მარკო რუბიო: აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი გარღვევა არ ყოფილა
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები „წარსულში გამართული საუბრების გაგრძელება“ იყო, თუმცა ეს არ ყოფილა მნიშვნელოვანი გარღვევა.
რუბიომ, ასევე, მიანიშნა, რომ აშშ-ის პერსპექტივიდან, მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე (MoU) დაბრუნება აღარ განიხილება.
„მათ გაანადგურეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, დაახრჩვეს ის“, - დასძინა რუბიომ და მიუთითა ირანის დარტყმებზე, რომლებმაც ივნისში დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლა გამოიწვია.
თუმცა რუბიომ უარი თქვა, კონკრეტულად დაესახელებინა, რა მოთხოვნები წაუყენა აშშ-მ ირანს შეხვედრის დროს. შეხვედრას აშშ-ის მხრიდან სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უძღვებოდნენ.
რუბიომ აღიარა, რომ ჰორმუზის სრუტეში ენერგომატარებლების გადაადგილებისთვის შექმნილი სერიოზული საფრთხე პრობლემას წარმოადგენს, თუმცა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ესკორტები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტით ნავთობის გადაზიდვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, გაგრძელდება.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მთავარი მიზანი ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერებაა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისთვის ეს საკითხი პოლიტიკური არ არის.
„ძირითადი საკითხი აქ ის არის, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. ამას მათთან ყოველი ურთიერთობისას ვუსვამთ ხაზს“, - განაცხადა რუბიომ.
რუბიომ, ასევე, გაიმეორა თავისი ადრინდელი პოზიცია, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ირანელ წარმომადგენლებს ყოველთვის არ შეუძლიათ რეჟიმის სახელით საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.
„ირანში საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ ადამიანები, რომლებსაც მტკიცედ სწამთ ირანის, რევოლუციის, და სწორედ ეს ართულებს ურთიერთობას. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ ადამიანებს, რომლებიც ირანს, როგორც სახელმწიფოს, წარმოადგენენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოთ, ასევე, განიხილოთ სხვა საკითხებზე შესაძლო შეთანხმება.
მაგრამ მათ ეს ყველაფერი უკან, ირანში, რევოლუციის ხელმძღვანელობასთან უნდა წაიღონ და სწორედ იქ არის ის ადგილი, სადაც ეს შეთანხმებები ხშირად იშლება“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.