მარკო რუბიო ამ კვირაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ირანთან ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ფარგლებში, ამ კვირაში არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ქუვეითსა და ბაჰრეინს ეწვევა. ინფორმაციას The Times Of Israel-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო სამ ქვეყანას ეწვევა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ლიდერებთან, რათა განიხილოს გასულ კვირას აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი, შაბათ-კვირას შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებები ირანელ და ამერიკელ მაღალჩინოსნებს შორის და ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის სტატუსი.
რუბიო განიხილავს „რეგიონულ პრიორიტეტებს“ და „ჰორმუზის სრუტეში სრული და თავისუფალი უსაფრთხო ტრანზიტის უზრუნველყოფის მცდელობებს, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბაჰრეინში ვიზიტის დროს რუბიო ასევე შეხვდება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წარმომადგენლებს „საერთო პრიორიტეტების განსახილველად“.