Loading data...
მარკ რუტე: თუ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს, ჩინეთი რუსეთს ნატოზე თავდასხმისკენ უბიძგებს

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ჩინეთს შეუძლია რუსეთი ნატოს წინააღმდეგ განაწყოს, - ამის შესახებ მან The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუტეს განცხადებით, ჩინეთმა, შესაძლოა, რუსეთს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმისკენ უბიძგოს, რათა ალიანსს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონიდან ყურადღება გადაატანინოს იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი ტაივანზე თავდასხმას გადაწყვეტს.

„კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს დაურეკავს და ის ეტყვის მას: „მისმინე, მე ამას ვაპირებ და შენ უნდა დააკავო ისინი ევროპაში ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმით“. დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოხდება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი აზრით, მათ შესაკავებლად ორი რამ არის საჭირო.

„პირველ რიგში, ნატო იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ რუსებმა არასდროს გაბედონ ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მეორეც, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად უწევს ხელს“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.