Loading data...
მარკ რუტე: რუსეთის თავდასხმა ადასტურებს, რომ მოსკოვი რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგული არ არის

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული კომბინირებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსკოვი არ არის ერთგული რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებების.

რადაში სიტყვით გამოსვლის დროს, რუტემ ახსენა მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც შეერთებული შტატები, რუსეთი და უკრაინა მონაწილეობენ.

„აქ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. თუმცა, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას - როგორც ეს გუშინ ღამით მოხდა. ეს აჩვენებს მათ არასერიოზულობას მშვიდობის მიმართ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან დასძინა, რომ დასავლელი პარტნიორები გააგრძელებენ ზეწოლას რუსეთზე და მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელების მეგობრები, ისევე როგორც თავად უკრაინელები, „არ ისურვებდნენ მეორე ბუდაპეშტის მემორანდუმს ან კიდევ ერთ „მინსკს“.

„ნატო უკრაინის გვერდით დგას მომავალი წლების განმავლობაში. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი მშვიდობა ჩვენი მშვიდობაა. ის სამართლიანი და ხანგრძლივი უნდა იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მარკ რუტემ.