მარკ რუტე: რუსეთი „ორეშნიკს“ დასავლეთის დასაშინებლად იყენებს, რათა უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს
რუსეთი ახალი რაკეტებით, მათ შორის „ორეშნიკით“, დარტყმებს დასავლეთის დასაშინებლად იყენებს, რათა უკრაინის მხარდაჭერა შეასუსტოს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
რუტეს თქმით, რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, გასულ კვირას ვიხილეთ ლვოვზე „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება და სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უწყვეტი თავდასხმები.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები მიმართულია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მისი პარტნიორების წინააღმდეგაც.
„რუსეთი ცდილობს, „ორეშნიკის“ გამოყენებით უკრაინის მხარდაჭერაში ხელი შეგვიშალოს. მაგრამ ჩვენ არ შევშინდებით“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
რუტემ ხაზი გაუსვა, რომ ზამთრის პირობებში უკრაინა განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლის წინაშე დგას ენერგოსისტემაზე თავდასხმების გამო. სწორედ ამიტომ არის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოკავშირეების მხარდაჭერა.
მან ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ ერთიანობა და გაზარდონ კიევისადმი დახმარება.
„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, - დასძინა მან.