მარკ რუტე ნატოს მოკავშირეებს: რუსულ რაკეტას ჰააგამდე 5-10 წუთი სჭირდება, საფრთხე იზრდება

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების გამო საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებსაც კი, რომლებიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრებიან. რუტემ ამის შესახებ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსების მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.
„ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები ამ საკითხში. ეს შეიძლება გარკვეულ მომენტში ლუქსემბურგსა და ჩემს ქვეყანას, ნიდერლანდებსაც ეხებოდეს. ახლა ყველანი უსაფრთხოდ ვართ, გვგონია, რომ რუსეთიდან შორს ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, განსაკუთრებით უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგიების კონტექსტში. ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას ან მადრიდს შორის სხვაობა ახლა ხუთიდან ათ წუთამდეა - სწორედ ამდენ ხანს სჭირდება რაკეტას ევროპის ამ ნაწილებამდე მისაღწევად“, - აცხადებს მარკ რუტე.