Loading data...
მარკ რიუტე: NATO კიევს უნდა დაეხმაროს, რომ მოლაპარაკებების დროს ძალის პოზიციიდან საუბარი შეძლოს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინას, რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაში უნდა დაეხმაროს, თუმცა, ძალის პოზიციიდან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ კიევს შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით. 

მისივე განცხადებით, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა, რომ მან მოლაპარაკებების წარმოება ძალის პოზიციიდან შეძლოს.

„მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვიტოს დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. თუმცა, ჩვენ ეს ძალის პოზიციიდან უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო დახმარება, რომ მათ ძალის პოზიციიდან საუბრის საშუალება მივცეთ, როდესაც ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - ამბობს მარკ რიუტე.