მარკ კარნი: კანადამ გააცნობიერა, რომ აშშ-ზე ზედმეტადაა დამოკიდებული
კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განცხადებით, კანადელებმა გააცნობიერეს, რომ ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე.
„გაკვეთილი, რომელიც ჩვენ, კანადელებმა, მივიღეთ, ისაა, რომ შეერთებულ შტატებზე ზედმეტად ვართ დამოკიდებულნი. მასთან ზედმეტად მჭიდრო კავშირში ვართ. ამიტომ საჭიროა, გავაძლიეროთ საკუთარი პოზიციები ქვეყნის შიგნით, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე გავამრავალფეროვნოთ და გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნებთან“, - განაცხადა კარნიმ.
ამასთან, კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ აშშ-კანადის ურთიერთობები იმდენად ღრმაა, რომ მათ ვერც ერთი მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, თუ პრეზიდენტი ვერ შეარყევს.
„კანადელებსა და ამერიკელებს შორის კავშირები მრავალწლიანია. ისინი ძალიან მტკიცეა. ამ კავშირების მნიშვნელოვანი ნაწილი კი შენარჩუნდება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობა იქნება კანადაში, როგორი - შეერთებულ შტატებში, ან როგორი იქნება მათ შორის კომბინაცია“, - განაცხადა მან.
მონრეალში ევროკავშირის დელეგაციასთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან შეხვედრისას მარკ კარნიმ კანადისთვის ევროკავშირის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილა.
„ვფიქრობ, ჩვენი საქმიანობის უპირატესობა ის არის, რომ რამდენიმე რამ აბსოლუტურად ნათელია, მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული ტერმინოლოგია გამოიყენება. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი ტერმინ „ასოცირებულ წევრობას“ იყენებს. ჩვენც „ასოცირებულ წევრობას“ ვიყენებთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს მაქსიმალურად მჭიდრო პარტნიორობას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის გარეშე, რადგან კანადა გეოგრაფიულად ევროპაში არ მდებარეობს და, შესაბამისად, მას არ შეუძლია გაწევრიანება“, - აღნიშნა კარნიმ DW-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, გეგმავს, თუ არა „აშშ-ის გარეშე ახალი ტრანსატლანტიკური ბლოკის“ შექმნას, კარნიმ განაცხადა, რომ საქმე უფრო მეტად კანადის სხვა პარტნიორობების დივერსიფიკაციასა და გაღრმავებას ეხება, ვიდრე მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის გარიყვას.
„ჩვენ ორივე შეერთებული შტატების პარტნიორები ვართ - ცხადია, ახლო პარტნიორები, ნატოში მოკავშირეები და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მრავალი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა, ბევრ შემთხვევაში, კანადასა და ევროპას შორის გაცილებით უფრო ღრმა თანამშრომლობა იქნება, ვიდრე კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის“, - აღნიშნა მან.
ამ კონტექსტში კარნიმ ახსენა თანამშრომლობის როგორც უკვე არსებული მიმართულებები — მაგალითად, „ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება“ (CETA), რომელსაც მან „მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შეთანხმება“ უწოდა, — ისე კვლევით სფეროში თანამშრომლობა და ისეთი პროგრამები, როგორებიცაა Horizon Europe და Erasmus+.
თუმცა კარნიმ ისეთ სფეროებზეც მიუთითა, სადაც მხარეებს თანამშრომლობის გაფართოება შეუძლიათ. მათ შორისაა კოსმოსური ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და კრიტიკული მინერალები.