მარინ ლე პენი: საფრანგეთის პრეზიდენტს მოვუწოდებ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს!

მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის მარინ ლე პენის თქმით, საფრანგეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საბიუჯეტო პრობლემებს ვერ გადაჭრის და ქვეყანას „ინსტიტუციურ ჩიხში“ შეიყვანს.
მისივე განცხადებით, საფრანგეთის უმაღლესი ეროვნული ინტერესი ახლა პარლამენტის დაშლა და ახალი არჩევნების დანიშვნაა.
მარინ ლე პენმა მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და მისცეს ქვეყანას არჩევანის უფლება. მისივე თქმით, პარლამენტის დაშლა არა ვარიანტი, არამედ ვალდებულებაა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი „მიიღებს ფრანსუა ბაირუს გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“.
ბაირუმ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.
განცხადების თანახმად, მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში სხვა დეტალები არ არის მითითებული.