მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ ქვეყნის პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებისა და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დაბლოკავს

ფრანგული ოპოზიციური პარტია „ეროვნული კრების“ ლიდერი მარინ ლე პენი პირობას დებს, რომ ქვეყნის პარლამენტში ახალი მთავრობის დამტკიცებისა და არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დაბლოკავს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, კარგად დაფიქრდეს პარლამენტის დათხოვნასა და ვადამდელი საკანონმდებლო არჩევნების დანიშვნის საკითხზე.
„მე ყველაფრის წინააღმდეგ ვაძლევ ხმას. ჩვენი პოლიტიკური ლიდერების პრობლემა დღეს ის არის, რომ ისინი ცხენზე არა სადმე წასასვლელად, არამედ როდეოსთვის სხდებიან“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული კრების ბიურომ ემანუელ მაკრონისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების წინადადება განსახილველად არ მიიღო. ამგვარად, მაკრონის იმპიჩმენტის წინადადება არ განიხილება არც კომიტეტში და არც პლენარულ სხდომაზე. ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ულტრამემარცხენე პარტიის წინადადებას 577-წევრიან პარლამენტში 104 დეპუტატი აწერდა ხელს.
საფრანგეთში პოლიტიკური ვითარება 6 ოქტომბერს გამწვავდა, როდესაც ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ გადადგომის შესახებ განაცხადა.