Loading data...
მარია ზახაროვა: სომხეთმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის შემცირება დაიწყო, ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს

სომხეთმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შემცირება დაიწყო. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთში გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ სომხეთი არ დაიცვა.

„ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დეტალურად „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა“ და რუსეთის ძალისხმევაზე და სომხეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი შეფასებები გავაზიარეთ. მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად მოსმენილი პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს“, - განაცხადა ზახაროვამ.

მან აღნიშნა, რომ ამ საბაბით სომხეთმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის შემცირება დაიწყო.

„ისინი მუდმივად საუბრობენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ, ამის საპირისპიროდ, დაჩქარებული ტემპით დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეზე მეტყველებს: არის ხალხის, კომპანიებისა და ბიზნესის ინტერესი კავშირების დაახლოებისა და განმტკიცების მიმართ, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური სტრუქტურა პირიქით მოქმედებს. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს“, - განაცხადა ზახაროვამ.