Loading data...
მარგუს ცაჰკნა: უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები ძველებური ფორმით დასრულდა, ახლა ყველას ესმის, რომ პუტინის სურვილია, ევროპა მოლაპარაკებებში ჩაერთოს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ცდილობდეს ევროპის ჩართვას უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში, რადგან ამაში საკუთარი თავისთვის სარგებელს ხედავს. 

მინისტრმა მოლაპარაკებების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პროცესში წამყვან როლს აღარ თამაშობს.

„არსებითად, ისინი [მოლაპარაკებები] ძველებური ფორმით დასრულდა. ახლა ყველას ესმის, რომ პუტინის სურვილია, ევროპა მოლაპარაკებებში ჩაერთოს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

მან დასძინა, რომ მოლაპარაკებები, რომელიც ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა, სინამდვილეში რეალური მოლაპარაკებები არ იყო, არამედ უბრალოდ საუბარი, რომელმაც პუტინს დრო მისცა. მისი თქმით, ახლა რუსები აქტიურად ცდილობენ ევროპის მოლაპარაკებებში ჩართვას.

„იდეა სწორედ ევროპის შუამავლის როლში ჩართვაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპულმა სანქციებმა თავისი საქმე გააკეთა. მომწონს, როგორ უწოდებენ უკრაინელები მათ გრძელვადიან და ღრმა სანქციებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარტყმები რეალურად მუშაობს. ახლა პუტინს საკუთარი თავისთვის დროის მოგება სჭირდება“, - აღნიშნა ესტონელმა მინისტრმა.

ცაჰკნას აზრით, ევროპის ჩართვით პუტინი თავისთვის კოზირებს მოიპოვებს.

„ევროპას შუამავლის როლი რომ აეღო, ჩვენ არ ვისაუბრებდით სანქციების შემდეგ პაკეტზე, რომელსაც ამჟამად ვამზადებთ. ის მოიცავს ერთ ძალიან მტკივნეულ რამეს, რისიც პუტინს ეშინია: საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას მთელ ევროკავშირში და სხვა სანქციების მთელ რიგს“, - აღნიშნა მან.

ცაჰკნა დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული პაუზა უნდა შეინარჩუნოს, რუსეთზე მეტი ზეწოლა განახორციელოს და „გარკვეულ მომენტში პუტინი სერიოზულ მოლაპარაკებებამდე მიიყვანოს, რაც დღეს თავად მას არ სურს“.

„მედიატორის როლი გულისხმობს ნეიტრალურ პოზიციას უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისის მოსაძებნად. ეს აბსოლუტურად არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ და თუ ოდესმე მოლაპარაკებები შედგება, დავუჭიროთ მხარი იმას, თუ როგორი იქნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა“, - განმარტა ესტონელმა დიპლომატმა.