Loading data...
მანილაში ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში დააკავეს. მის დაკავებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი იყო გაცემული. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დუტერტე ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული ნარკობიზნესის წინააღმდეგ კამპანიის დროს მომხდარი მასიური მკვლელობების გამო.

როდრიგო დუტერტე მანილას აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის იქ ჰონკონგიდან ჩავიდა. ექსპრეზიდენტის ადვოკატები 79 წლის დუტერტეს საავადმყოფოში მოთავსებას მოითხოვენ. გარდა ამისა, ადვოკატი აცხადებს, რომ საერთაშორისო სასამართლოს ორდერით დუტერტეს დაკავება უკანონოა, რადგანაც ფილიპინები ამ საერთაშორისო შეთანხმებიდან 2019 წელს, სწორედ დუტერტეს ბრძანებულების საფუძველზე გავიდა.

სისხლის სამართლის სასამართლოში კი აცხადებენ, რომ დანაშაულები მანამდეა ჩადენილი - 2011-2019 წლებში და მასზე სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება.

ფილიპინების მთავრობის ცნობით, ნარკოტიკების წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში ფილიპინების უსაფრთხოების ძალებმა 6252 ადამიანი მოკლეს. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა მეტია.