Loading data...
მაკრონმა მოუწოდა სი ძინპინს, რომ უკრაინაში ომის დასრულებას ხელი შეუწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პეკინში გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს, რომ მან უკრაინაში ომის დასრულებას ხელი შეუწყოს. მაკრონმა სთხოვა სი ძინპინს, რომ რუსეთზე იმოქმედოს, რათა მოსკოვმა, სულ მცირე, უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე შეწყვიტოს საჰაერო იერიშები. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და ჩინეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ პეკინს სურს უკრაინის საკითხზე სამშვიდობო პროცესში მიიღოს მონაწილეობა. ამასთანავე, ჩინეთის ლიდერმა ომზე პასუხისმგებლობის ერთ მხარეზე დაკისრების აზრს არ იზიარებს.

მაკრონი ჩინეთში უკვე მეოთხე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საფრანგეთის დელეგაციაში 80 ადამიანი, მათ შორის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები შედიან.

სი ძინპინთან შეხვედრაზე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და ჩინეთს შორის უთანხმოებების დაძლევა უნდა მოხდეს.

„უნდა ვიმუშაოთ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის როგორც უკრაინაში, ასევე მსოფლიოს სხვა რეგიონებში“ , - განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მაკრონმა მოუწოდა სი ძინპინს, რომ ჩინეთმა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ითანამშრომლოს, რათა წესებზე აგებულ მსოფლიო ეკონომიკურ წესრიგს მხარი დაუჭიროს.