Loading data...
მაკრონის თქმით, „მსურველთა კოალიციის“ წევრები იანვარში პარიზში შეიკრიბებიან, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით თითოეული ქვეყნის წვლილზე საბოლოოდ შეთანხმდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, იანვრის დასაწყისში პარიზში „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების შეხვედრა გაიმართება, სადაც ისინი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სისტემაში თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილს განიხილავენ. შესაბამისი განცხადება მაკრონმა X-ზე გამოაქვეყნა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მან და სხვა ევროპელმა ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპთან ერთობლივ საუბარში, რის შემდეგაც მან ზელენსკისთან ცალკე ისაუბრა.

მაკრონის თქმით, მხარეები უსაფრთხოების გარანტიების საკითხთან დაკავშირებით პროგრესს აღწევენ.

„ჩვენ პროგრესს მივაღწევთ უსაფრთხოების გარანტიების საკითხში, რაც სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების გასაღები იქნება“, - განაცხადა მან.

შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნები იანვრის დასაწყისში პარიზში შეხვდებიან, რათა საბოლოოდ შეთანხმდნენ თითოეული ქვეყნის კონკრეტულ წვლილზე.