მაკრონის განცხადებით, მოსკოვი უარს თუ იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის ბალისტიკური რაკეტით დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მოსკოვი თუ უარს იტყვის მშვიდობაზე, გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“.
მაკრონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.
„უკრაინაში გლოვის დღეა. ვფიქრობ დაღუპულ ბავშვებზე და ყველა სამოქალაქო პირზე, რომლებიც რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო დარტყმების მსხვერპლი გახდნენ. გასულ ღამეს რუსეთმა ისევ მიიტანა იერიში კიევსა და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქზე. თუ რუსეთი ისევ გააგრძელებს დროის გაჭიანურებას და უარს იტყვის მშვიდობაზე, ამას გადამწყვეტი ქმედებები უნდა მოჰყვეს“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.
ინფორმაციისთვის, 4 აპრილს რუსეთმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე ბალისტიკური რაკეტით იერიში მიიტანა. დაღუპულია 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია 75-მდე ადამიანი.