მაკრონი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხზე: ჩემთვის გეგმა B არ არსებობს, გეგმა A აუცილებლად უნდა განხორციელდეს
2026-27 წლებში უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა ევროკავშირის ლიდერების მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღწეული ერთსულოვანი შეთანხმებაა და ეს შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უნგრეთმა წინააღმდეგობა გაუწია უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას.
„ჩვენ არ უნდა წავიდეთ კომპრომისზე ისეთ რამეზე, რაც უპრეცედენტოა. როდესაც სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები თანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, ის უნდა იყოს დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობის კოლაფსს წარმოადგენს. ამიტომ, ჩემთვის გეგმა B არ არსებობს, რადგან გეგმა A აუცილებლად უნდა შესრულდეს. საბჭოს სანდოობა ამაზეა დამოკიდებული“, - აცხადებს მაკრონი.