Loading data...
მაკრონი: სტუდენტებს აქვთ პროტესტისა და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის უფლება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პალესტინელების მხარდამჭერი სტუდენტების მიერ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტუდენტებს აქვთ პროტესტისა და საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის უფლება. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მაგრამ დაწესებულებას ძალის გამოყენებითა და ბლოკადის მეშვეობით უბრძანოთ, რომ განახორციელოს ესა თუ ის პოლიტიკა, არ დაუშვას სხვა სტუდენტები დარბაზებში იმ საბაბით, რომ ისინი ებრაელები არიან, ეს არ არის (საფრანგეთის) რესპუბლიკა“, - ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

პროპალესტინური აქციები სტუდენტებმა საფრანგეთის რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში გამართეს, მათ შორის სორბონის უნივერსიტეტშიც. აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტთან კარვები ჰქონდათ გაშლილი. პოლიციამ აქცია გაფრთხილების შემდეგ დაშალა, აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავა.