25 ივნისი 19:52
უცხოეთი
მაკრონი: საფრანგეთსა და ისრაელს ერთი და იგივე მიზანი აქვთ - ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტა და ღაზაში ომი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტელეფონით განიხილა, - ამის შესახებ მაკრონი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მაკრონი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს მან „ხაზი გაუსვა ყველა მხარის მიერ მიმდინარე ზავის პატივისცემის მნიშვნელობას“.

როგორც მაკრონი აცხადებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„საფრანგეთსა და ისრაელს ერთი და იგივე მიზანი აქვთ: ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ბირთვული იარაღი“, - წერს მაკრონი.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი  წერს, საუბრისას ხაზი გავუსვა, დროთა განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას - როგორც ბირთვულ, ასევე, ბალისტიკურ საკითხებზე.

„ ხაზი გავუსვი, დროთა განმავლობაში მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების აუცილებლობას - როგორც ბირთვულ, ასევე ბალისტიკურ საკითხებზე. ეს აუცილებელია როგორც ისრაელის უსაფრთხოებისთვის, ასევე რეგიონში ყველასთვის“,- განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს, ასევე, ღაზაში არსებულ ვითარებაზეც ესაუბრა.

„კიდევ ერთხელ გავუმეორე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გზის ძიება კვლავ მთავარ პრიორიტეტებად რჩება“, - წერს მაკრონი.