მაკრონი: ნატო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს არ შეუერთდება, თუმცა აშშ მზადაა, ამის ნაწილი გახდეს

13 აგვისტოს ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართული ვიდეოზარის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა პარტნიორები დაარწმუნა, რომ აშშ მზადაა, შეუერთდეს ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, ნატო კი ამ პროცესში არ ჩაერთვება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპმა ევროპელი ლიდერები დაარწმუნა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგ შეერთებული შტატები ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუერთდებოდა, ნატო კი - არა.
„მან [ტრამპმა] რამდენიმე რამ თქვა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომ ნატო არ უნდა იყოს ამ უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი - ჩვენ ვიცით, რომ ეს განსაკუთრებით მკაცრი მოთხოვნაა რუსული მხარისგან. თუმცა შეერთებული შტატები და ყველა მოკავშირე, რომელიც მზადაა, ამაში უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ტრამპმა ისაუბრა „კავშირზე, რომელიც უნდა არსებობდეს ნებისმიერ ტერიტორიულ დათმობასა და უკრაინისთვის უზრუნველსაყოფ უსაფრთხოების გარანტიებს შორის“.
„როგორც იცით, ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ვიცავდით და ვიბრძოდით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და რომელმაც განაპირობა ჩვენი მსურველთა კოალიციის არსებობა და დაგეგმვა. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად ისაუბრა ამ ტერმინებში“, - ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განმარტებაა, რომელიც დღეს მივიღეთ“, - ხაზი გაუსვა ემანუელ მაკრონმა.