მაკრონი: ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, შეცდომებს ვუშვებდი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ზედმეტმა თავდაჯერებულობამ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომაში შეიყვანა.
„ყოველ ჯერზე, როცა ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, შეცდომებს ვუშვებდი, დიდ შეცდომებს“, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი.
როგორც „პოლიტიკოს“ წერს, მაკრონმა იშვიათი აღიარების დროს კონკრეტული მაგალითები არ მოიყვანა, თუმცა მას რამდენჯერმე დასდეს ბრალი ამპარტავნებაში, მათ შორის 2024 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილების შემდეგ, რის შემდეგაც მისმა პარტიამ პარლამენტზე კონტროლი დაკარგა. მაგალითად, მაკრონის ყოფილმა მრჩეველმა და მენტორმა, ალენ მინკმა საფრანგეთის ლიდერს ნარცისი უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, „საფრთხის ქვეშ დააყენა ფრანგული ინსტიტუტები“ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერა გააძლიერა.
მაკრონის გულწრფელობამ მისი ცხრაწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ზოგჯერ სხვადასხვა ამომრჩევლის გაღიზიანება გამოიწვია.
2017 წელს, მეწარმეების წინაშე გამოსვლისას მაკრონმა ახსენა „წარმატებული ადამიანები და ადამიანები, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ“. მოგვიანებით მაკრონმა განაცხადა, რომ ნანობდა ამ განცხადებას.