Loading data...
მაკრონი ისრაელს ლიბანთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს და შუამავლობას სთავაზობს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელს ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, ხოლო ისრაელის სამხედროებს მოუწოდა, „მიატოვონ ნებისმიერი მასშტაბური შეტევა და შეწყვიტონ მასობრივი დარტყმები“.

„ლიბანის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. ქვეყნის ყველა კომპონენტი მათში უნდა იყოს წარმოდგენილი. ისრაელმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს მოლაპარაკებებისა და ცეცხლის შეწყვეტის დასაწყებად“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დაჯგუფება „ჰეზბოლას“, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უგუნური ესკალაცია“.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ლიბანი ქაოსმა არ მოიცვას. საფრანგეთი მზადაა, ხელი შეუწყოს ამ დისკუსიებს პარიზში მათი მასპინძლობით“, - აღნიშნა მაკრონმა.

ცნობისთვის, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ 14 მარტს განაცხადა, რომ ისრაელმა სამხრეთ ლიბანის ერთ-ერთ ქალაქში ჯანდაცვის ცენტრს დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 სამედიცინო თანამშრომელი დაიღუპა.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ 13 მარტს განაცხადა, რომ ლიბანზე ისრაელის საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ ქვეყანაში სულ მცირე 773 ადამიანი დაიღუპა.