Loading data...
მაკრონი: იმედი გვაქვს, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს ძალისხმევას, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ უკრაინაში, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას, ერთად უნდა ვიმუშაოთ მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს გეოპოლიტიკის, ვაჭრობისა და გარემოს დაცვის საკითხებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

მაკრონი იმედოვნებს, რომ ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელი იქნება.

„მჯერა, რომ ორივეს გვესმის ვითარების სიმძიმე და ჭეშმარიტად მტკიცე, მდგრადი მშვიდობის აუცილებლობა. თქვენ იცით, რამდენად ერთგულია საფრანგეთი ამ საკითხში. იმედი მაქვს, შევძლებთ ამ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას.

როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია და მჯერა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ კომპრომისების პოვნა, ამავდროულად, საერთაშორისო სამართლის, სტაბილურობის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.

იმედი მაქვს, ჩინეთი შეუერთდება ჩვენს მოწოდებას და ძალისხმევას, რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ უკრაინაში, სულ მცირე, ცეცხლის შეწყვეტას კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული დარტყმების მორატორიუმის სახით.

ეს მნიშვნელოვანია მომავალი ზამთრისთვის, რადგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, დღესაც რუსეთის მხრიდან ცეცხლის ქვეშაა. უფრო ფართო გაგებით, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს“, - განაცხადა მაკრონმა.