მაკრონი: ღაზას ომი უზარმაზარ საფრთხეს უქმნის რეგიონს და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას

დიდ ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და პალესტინის სახელმწიფოს აღიარების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ ცეცხლის შეწყვეტის დასაწყებად, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის წინაშე ინგლისურად გამოსვლისას.
მაკრონმა ღაზას ომი შეაფასა, როგორც „დაუსრულებელი და სტრატეგიული მიზნის გარეშე [მიმდინარე] ომი“ და აღნიშნა, რომ ის „უზარმაზარ საფრთხეს უქმნის რეგიონს და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას“.
„ერთად მოვითხოვთ ყველა მძევლის გათავისუფლებას. ერთად მოვუწოდებთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას. ეს აბსოლუტურად სასწრაფო საკითხია“, - განაგრძო მან.
„პოლიტიკური გამოსავალი გადამწყვეტია და მჯერა ორ სახელმწიფოზე დაფუძნებული გადაწყვეტის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლის, რაც ისრაელს საშუალებას მისცემს, იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ მეზობლებთან ერთად“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა და მოითხოვა „პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ერთად მუშაობა“.
„ამ პოლიტიკური იმპულსის შექმნა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა“, - დაასკვნა მაკრონმა.
მაკრონის ეს განცხადებები რამდენიმე კვირის შემდეგ გაკეთდა, რაც გაუქმდა საფრანგეთისა და საუდის არაბეთის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ნიუ-იორკში გაეროს კონფერენციის მოწვევას ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის აღსადგენად.