მაკრონი: ევროპელები მზად არიან, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ

ევროპული ქვეყნები მზად არიან, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიაწოდონ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დღეს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩვენ, როგორც ევროპელები მზად ვართ, შევთავაზოთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინასა და უკრაინელ ხალხს იმ დღეს, როდესაც სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. ეს არის ვალდებულება, რომელიც ვაშინგტონში ავიღეთ. მოსამზადებელი სამუშაო დასრულდა, ახლა ის პოლიტიკურ დონეზე დამტკიცდება და საშუალებას მოგვცემს, ამ შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ, ხვალ მტკიცედ განვაცხადოთ, რომ მზად ვართ უკრაინისა და ევროპელებისთვის მყარი, ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მოკავშირეები მზად არიან უზრუნველყონ უკრაინაში მშვიდობის სტაბილური პირობები.
„ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული, რამდენად შეასრულებს ის შემდგომ ვალდებულებებს მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო შეთანხმება შესთავაზა“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.