Loading data...
მაკრონი: ევროკავშირმა უნდა დაიცვას თავისი ინტერესები და უსაფრთხოება აშშ-ს არ უნდა გადასცეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა თავიანთი უსაფრთხოება შეერთებულ შტატებს არ უნდა გადასცენ და საკუთარი ინტერესები უფრო ფართოდ უნდა დაიცვან. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. 

მაკრონმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს, რომელმაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ევროპელებისთვის „ისტორიის მომენტი“ უწოდა.

„ის აირჩია ამერიკელმა ხალხმა და დაიცავს ამერიკელების ინტერესებს, ეს კანონიერია და კარგია. საკითხავია, მზად ვართ თუ არა ევროპელების ინტერესების დასაცავად. ვფიქრობ, ეს ჩვენი პრიორიტეტია“, - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონის თქმით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში, „ჩვენთვის, როგორც ევროპელებისთვის“.

„არსებითად, კითხვა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ, არის, გვინდა თუ არა სხვების მიერ დაწერილი ისტორიის წაკითხვა? ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული ომები, აშშ-ის არჩევნები, ჩინელების მიერ გაკეთებული ტექნოლოგიური და სავაჭრო არჩევანი, თუ გვინდა დავწეროთ საკუთარი ისტორია?“, – აღნიშნა მან.

მაკრონი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ, საკუთარი ისტორია დაწერონ.

მან ასევე მოუწოდა ევროპას „იმოქმედოს და დაიცვას“ ეროვნული, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესები, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, იფიქრონ, როგორც „დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა“ და დაიბრუნონ კონტროლი შეერთებული შტატებისთვის უსაფრთხოების დელეგირების შეწყვეტით.