მაკრონი 26 მარტს ზელენსკის ელისეის სასახლეში მიიღებს უსაფრთხოების სამიტისთვის მოსამზადებლად - Le Monde

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 26 მარტს, საფრანგეთს ეწვევა და მას ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი მიიღებს. ამის შესახებ Le Monde ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკრონი მიიღებს ზელენსკის 26 მარტის საღამოს უსაფრთხოების სამიტისთვის მოსამზადებლად, რომელიც 27 მარტს გაიმართება.
„სახელმწიფოს მეთაური დაუდასტურებს პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საფრანგეთი უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებასა და გაძლიერებას მთავარ პრიორიტეტად აქცევს“, - ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 მარტს მაკრონმა განაცხადა, რომ ზელენსკის მონაწილეობით 27 მარტს პარიზში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით „მოხალისეთა კოალიციის“ სამიტი გაიმართება.
„ჩვენ დავასრულებთ მუშაობას უკრაინის არმიის მხარდასაჭერად და მდგრადი და გამძლე სამხედრო მოდელის შესაქმნელად, რათა მომავალში რუსული შემოსევები თავიდან ავიცილოთ. ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ევროპულ ძალებს შეუძლიათ უზრუნველყონ“, - დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა X-ზე.