მაინის ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით ინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა
გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტის აეროპორტის ორი თანამშრომელი მალარიით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მაინის ფრანკფურტის ჯანდაცვის უწყება იუწყება. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პირველი შემთხვევა ჯერ კიდე ივნისში მოხდა, მაგრამ იმის დადგენა, რომ აეროპორტის თანამშრომლები მალარიით დაავადების შემდეგ გარდაიცვალნენ, მხოლოდ მეორე მსგავსი შემთხვევის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა.
როგორც აეროპორტის ოპერატორი კომპანიის, Fraport-ის განცხადებაშია აღნიშნული, მალარიის გადამტანი კოღოები თვითმფრინავში აღმოჩნდნენ, რომელიც გერმანიაში ინფექციის გავრცელების რაიონიდან ჩაფრინდა. საუბარია ტროპიკულ მალარიაზე - ამ დაავადების ყველაზე საშიშ ფორმაზე.
ამ დროისთვის ფრანკფურტში საერთო ჯამში მალარიით ინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა.
Fraport-მა მასშტაბური კამპანია დაიწყო, რათა მალარიის საკითხზე თანამშრომელთა ინფორმირება მოხდეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საუბარია მალარიის გადაცემაზე კოღოდან ადამიანზე, ხოლო ადამიანიდან ადამიანზე ამ დაავადების გადაცემის შემთხვევები ძალზე იშვიათია და ინფექციის გადაცემა მხოლოდ სისხლით ხდება.
თანამშრომლებს მისცეს რეკომენდაცია, რომ მალარიით ინფიცირებაზე უმნიშვნელო ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ სპეციალიზებულ კლინიკას, მაგ, მაინის ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკას.
მალარია ყველაზე მეტად აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული. გასულ წელს გერმანიაში მალარიით ინფიცირების 500-600 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი.