Loading data...
მაიკ უოლცი: თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში საერთაშორისო გემების გადაადგილებას საფრთხეს შეუქმნის, აშშ სამხედრო პასუხს გააგრძელებს

„თუ თეირანი კვლავ დაემუქრება საერთაშორისო გემების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, შეერთებული შტატები ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებას გააგრძელებს“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა გაეროში მაიკ უოლცმა განაცხადა.

„თუ ირანის რეჟიმს ერთი წამით მაინც ჰგონია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უმოქმედოდ იჯდება, ვიდრე ირანი განაგრძობს საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებზე თავდასხმას ან ჩვენს სამხედრო ბაზებზე და პასუხს არ გასცემს, ისინი ძალიან ცდებიან“, - აღნიშნა უოლცმა Fox News Sunday-ის ეთერში.

მან დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ სამხედრო გზით გაანადგურებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ირანი საერთაშორისო საზღვაო გზის უკანონო კონტროლისთვის იყენებს.

უოლცმა, ასევე, აღნიშნა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ტრამპი „დიპლომატიას ყოველთვის მისცემს შანსს“, თუმცა დასძინა, რომ „პრეზიდენტის მოთმინება უსასრულო არ არის“.

„ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ აპირებს ყველა ვარიანტის განხილვას. ჩვენი და მთელი მსოფლიოს მიზანია, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა გაეროში.