Loading data...
მაიკ უოლცი: ჩვენ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ

გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მაიკ უოლცის განცხადებით, ვაშინგტონმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. 

როგორც უოლცმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში დაიცავს თავის მოკავშირეებს.

„მინდა გამოვიყენო ეს პირველივე შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები დაიცავენ ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სახიფათო ქცევა“, - განაცხადა მაიკ უოლცმა

უოლცმა გაეროში ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მოწოდებების მიუხედავად რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ნატოს წევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე. 

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, როგორც ამ საბჭოს მუდმივ წევრს, შეინარჩუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტს და შეწყვიტოს მათი საჰაერო სივრცის დარღვევა. ასევე მოვუწოდებ რუსეთს, პირდაპირ მოლაპარაკება აწარმოოს უკრაინასთან ამ ომის დასასრულებლად“, - დასძინა უოლცმა.