მაიკ პომპეო: სიგიჟეა, რომ ევროპელები კვლავ ყიდულობენ რუსულ ნავთობს ომის დასაფინანსებლად

ევროპულმა ქვეყნებმა რუსული ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ და რუსეთის წინააღმდეგ რეალური სანქციები დააწესონ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მისი აზრით, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს ნებისმიერი შეთანხმების მიმართ ინტერესი არ აქვს. კრემლის ლიდერი ამ პოზიციას მანამ შეინარჩუნებს, ვიდრე ეს მას „კოლოსალური ფასი“ არ დაუჯდება.
პომპეო მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და განსაკუთრებით ევროპამ, უნდა უპასუხონ „მტკივნეული ინსტრუმენტებით, რეალური სანქციებით“.
„ევროპელებმა რუსული ნავთობი არ უნდა იყიდონ. სიგიჟეა, რომ ისინი კვლავ აფინანსებენ ამ ომს“, - აღნიშნა მან.
მან, ასევე, დასძინა, რომ ჩინური ბანკები „ამ ომს აფინანსებენ“.
ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთზე გავლენის მოხდენის მრავალი ინსტრუმენტი აქვს.