მაია სანდუ აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას უკრაინელები იმსახურებენ
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ არ ემზადება და არც იბრძვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ნორვეგიის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა ნომინანტად წარადგინა, „დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში შეტანილი აქტიური როლის გამო“.
მოლდოვას პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოსთვის ბევრი ღირსეული კანდიდატია და, უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობისთვის თავს სწირავენ.
„ამას ნამდვილად ვაფასებ და მადლიერი ვარ, რომ ხალხი ჩვენს ქვეყანას აკვირდება, რომ ისინი აფასებენ ჩვენს გამბედაობას და გამძლეობას, თუმცა ამ პრემიაზე ბევრი ადამიანია ნომინირებული. დღეს მე ვუყურე უკრაინელებს [პატიმრებს], რომლებიც რუსეთიდან სახლში დაბრუნდნენ და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მშვიდობის პრემიას იმსახურებენ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სანდუმ დასძინა, რომ სწორედ ეს ადამიანები სწირავენ რეალურ მსხვერპლს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის და ჯილდოს ისინი უფრო მეტად იმსახურებენ.
„ისინი, ვინც მშვიდობისთვის სიცოცხლეს სწირავენ, რადგან სურთ მისი დაბრუნება თავიანთ ქვეყანაში, თავიანთ სოფლებსა და ქალაქებში, ჩვენს კონტინენტზე. მას, უპირველეს ყოვლისა, ისინი იმსახურებენ. მაგრამ, პირველ რიგში, ისინი იმსახურებენ მშვიდობას და ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დადგება“, - დაასკვნა სანდუმ.