Loading data...
მადურომ აშშ-ის სასამართლოს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებების მოხსნა მოსთხოვა

ვენესუელის გადაყენებულმა ლიდერმა ნიკოლას მადურომ შეერთებულ შტატებში მისი სასამართლო პროცესის შეჩერება მოითხოვა. მიზეზად მან ადვოკატისთვის გადახდების გაყინვა დაასახელა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

გამოცემის ცნობით, მადურომ ფედერალურ სასამართლოს მის წინააღმდეგ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებების მოხსნის მოთხოვნით მიმართა. ის აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ვენესუელის მთავრობის მხრიდან მისი სამართლებრივი დაცვის დაფინანსებას ბლოკავს.

მადუროს ადვოკატმა ბარი პოლაკმა ნიუ-იორკის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში განაცხადა, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ქმედებები არაკონსტიტუციურად არღვევს მადუროს უფლებას, ჰყავდეს მის მიერ არჩეული ადვოკატი. მან დასძინა, რომ ეს დარღვევა საქმის შეწყვეტას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე საჰაერო იერიში მიიტანა და ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის სილია ფლორესის დასაკავებლად სპეციალური ოპერაცია ჩაატარა. ისინი იმავე დღეს შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს.

აშშ-ის გენერალური პროკურორის პამელა ბონდის თქმით, მადუროს ბრალი ედება ნარკოტერორიზმის მიზნით შეთქმულებაში, შეერთებულ შტატებში კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ასევე, ავტომატური იარაღისა და დესტრუქციული მოწყობილობების უკანონო შენახვაში. გარდა ამისა, საუბარია ასეთი იარაღის შეერთებული შტატების წინააღმდეგ გამოყენების მიზანზეც.