მადრიდში პუერტა-დელ-სოლის მოედანზე ასობით ადამიანი კარავშია დაბანაკებული - ესპანეთის დედაქალაქში გამოსახლებების წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქცია დღითი დღე იზრდება
„ასობით ადამიანი რჩება კარვებით ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის პუერტა-დელ-სოლის მოედანზე, რაც რამდენიმე დღეა საცხოვრებლის გამო მიმდინარე პროტესტი ინსტიტუციური წნეხის ფონზე გრძელდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია შაბათს გამოსახლების საწინააღმდეგო დემონსტრაციის შემდეგ დაიწყო და თანდათან ფართოვდება. მოედანს ახალი ჯგუფები უერთდებიან და ამჟამად იქ ასობით კარავია გაშლილი. მოიჯარეების პროფკავშირმა, რომელიც პროტესტის უკან დგას, ოთხშაბათს საღამოს სხვადასხვა შრომითი ბრძოლაც გააერთიანა, რადგან მათი მიზანი მოძრაობის არეალის გაფართოება და საყოველთაო გაფიცვისკენ სვლა იყო.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე, ესპანეთის მოსახლეობა შოკში ჩააგდო ახალი ამბების არხებზე ნაჩვენებმა კადრებმა, რომლებზეც ასახული იყო 87 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის მარიკარმენ აბასკალის გამოსახლება იმ სახლიდან, სადაც ის შვიდი ათეული წლის განმავლობაში ცხოვრობდა.
„შოკს მალევე რისხვა მოჰყვა, როდესაც საზოგადოებამ დაინახა, როგორ გამოჰყავდათ მოხუცი ქალი სახლიდან საკაცით. საცხოვრებლის უფლებების დამცველები მესაკუთრის „ბარბაროსულ ქმედებას“ გმობენ მას შემდეგ, რაც ბინა, სადაც მარიკარმენი 71 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, დეველოპერმა შეიძინა“, - წერს გამოცემა The Guardian-ი აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით.