Loading data...
მადრიდში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები გაიმართა, აქციაში 40-დან 80 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

აქციის საბაბი ესპანეთის მთავრობაში კორუფციული სკანდალი გახდა. აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ლოზუნგით, „მაფია თუ დემოკრატია?“ აქციის ორგანიზატორი იყო ოპოზიციური „კონსერვატიული სახალხო პარტია“. სამი დღით ადრე ესპანეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს სანჩეს აბალოსსა და მთავრობის ყოფილ მრჩეველს კოლდო გარსიას ბრალი წაუყენეს კორუფციაში COVID-19 პანდემიის პირველ თვეებში დამცავი პირბადეების შეძენის საქმეზე. ორივე პოლიტიკოსი დაკავებულია. პროკურატურა აბალოსისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.

2020 წლის გაზაფხულზე ყოველგვარი საჯარო ტენდერის გარეშე, ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა მილიონობით პირბადე შეუკვეთეს კომპანიას, რომელსაც ჯანდაცვის სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ამ კომპანიის დამფუძნებელმა სასამართლოში განაცხადა, რომ აბალოსს, გარსიას და სხვა მაღალჩინოსნებს ქრთამის სახით რამდენიმე ასეული ათასი ევრო გადაუხადა.

ესპანეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კორუფციულ სკანდალზე პასუხისმგებლობა სწორედ ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელს, პედრო სანჩესს ეკისრება.

ესპანეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს, მაგრამ ოპოზიცია რიგგარეშე კენჭისყრის ჩატარებას მოითხოვს.