ლუვრის მუზეუმი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ტურისტებისთვის ბილეთის ფასს 45%-ით გაზრდის
მომავალი წლიდან ტურისტებს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, ლუვრის მუზეუმში ბილეთის შეძენისას 32 ევროს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ BBC იუწყება.
ამ ქვეყნების ტურისტებისთვის ლუვრის ბილეთის ფასი 10 ევროთი მეტია, ვიდრე ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
ლუვრის მუზეუმის საბჭო ვარაუდობს, რომ ამ გზით წელიწადში მილიონობით ევროს დამატებითი შემოსავალი იქნება მიღებული, რაც ცნობილი გალერეის კაპიტალურ რემონტს მოხმარდება. ლუვრის მენეჯმენტი ფიქრობს, რომ მის ბიუჯეტში წელიწადში დამატებით 15-20 მლნ ევრო შევა.
გასულ წელს ლუვრი 9 მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა, მუზეუმის ცნობით, ვიზიტორების 10%-ზე მეტი აშშ-დან იყო, ხოლო 6% - ჩინეთიდან.
მიმდინარე წლის იანვარში ლუვრის საკითხზე კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა, მან განაცხადა, რომ მუზეუმის მუშაობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი სამუშაოების გატარებაა აუცილებელი, რაც მუზეუმის ბილეთის ფასის გაზრდას ითვალისწინებს. მუზეუმის რეაბილიტაციის საერთო ფასი რამდენიმე ასეული მილიონი ევრო იქნება.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ლუვრის გაძარცვის შემდეგ გამოძიება და აუდიტი ჩატარდა, რამაც აჩვენა, რომ მუზეუმმა ხელოვნების ახალი ნიმუშების შესაძენად იმაზე მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე რესტავრაციაზე და უსაფრთხოების სისტემების მოდერნიზაციაზე.