ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა და ამის სანაცვლოდ აშშ-მა მას სანქციები შეუმსუბუქა. 235 ადამიანი ბელარუსში დარჩა, ხოლო დანარჩენები ლიეტუვაში წავიდნენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პოლიტპატიმართა ახალი ჯგუფის გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ტრამპის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის შეხვედრის შემდეგ. კოულმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი რჩება „პირდაპირი, ხისტი დიპლომატიის“ მომხრე.
წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაიმართა, ბელარუსმა 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, ხოლო ვაშინგტონმა გარკვეული სანქციების შემსუბუქების შესახებ განაცხადა.
კერძოდ აშშ-მა პოლიტპატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ბელარუსის ფინანსური სექტორის მიმართ სანქციების შემსუბუქებას დათანხმდა, სანქციები მოუხსნეს „ბელინვესტბანკს“, „განვითარების ბანკს“ და ბელარუსის ფინანსთა სამინისტროს. ასევე სანქციები რამდენიმე ბელორუსულ კომპანიასაც მოუხსნეს.