ლუკაშენკომ 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა - მათ შორის მარია კოლესნიკოვა
ალექსანდრ ლუკაშენკომ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა.
როგორც მედია წერს, შეწყალებულთა შორის არის ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო.
„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, ასევე ბელარუსის კალიუმის მრეწველობის წინააღმდეგ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნასთან და ბელარუსის წინააღმდეგ სხვა უკანონო სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შეიწყალოს სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებული იყვნენ ჯაშუშობის, ტერორიზმისა და ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით.
გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.