Loading data...
ლუკაშენკო ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს - ბელოროსული მედია

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ ბელორუსული მედია ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ რუსლან ვარანკოვზე დაყრდნბობით იტყობინება. 

„ჩვენ ასევე ამ წინადადებას ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურის პირადი მიღწევებისა და საერთაშორისო პრესტიჟის აღიარებად მივიჩნევთ. წინადადება ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს გადაეცა და დადებითად იქნა მიღებული“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ვარანკოვმა დასძინა, რომ ბელარუსი მზადაა მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში,  „იმის გათვალისწინებით და იმედით, რომ ეს ორგანიზაცია გააფართოებს თავის მოქმედების არეალს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა 17 იანვარს დაასახელა. თეთრი სახლის განცხადებით, „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, ბიზნესმენი და მილიარდერი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და ტრამპის მრჩეველი რობერტ გაბრიელი.

საბჭოს მუდმივი წევრობა ხელმისაწვდომია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც 1 მილიარდ დოლარს გადაიხდიან.