ლუკაშენკო აცხადებს, რომ ტრამპმა მისი რჩევით ირანის კონფლიქტისგან დისტანცირება დაიწყო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გაითვალისწინა მისი რეკომენდაციები ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და თანდათანობით ირანის გარშემო არსებული კონფლიქტისგან დისტანცირება დაიწყო.
მისი თქმით, წინა კონტაქტების დროს მან ვაშინგტონს ურჩია, არ ჩარეულიყო ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებაში.
„ამერიკელები შესანიშნავები არიან. მათ დაიწყეს იმის კეთება, რაც ტრამპს ვურჩიე“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მან აშშ-ს მოუწოდა, ისრაელს ირანთან დაპირისპირებაში დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცეს და ომში არ ჩაერთოს, რათა ამერიკელ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი თავიდან აიცილოს.
მან ასევე განაცხადა, რომ ამერიკელთა შორის მსხვერპლის რაოდენობის ზრდამ გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე შეერთებულ შტატებში. მისი თქმით, მოსახლეობის „ორი მესამედი“ კონფლიქტში მონაწილეობას მხარს არ უჭერს.
„ამერიკაში კუბოების ჩასვლა დაიწყო და საზოგადოება აღშფოთებულია“, - აღნიშნა მან.
ლუკაშენკოს თქმით, ამის შემდეგ „საღმა აზრმა გაიმარჯვა“ და ტრამპმა თანდათანობით დაიწყო ესკალაციაში აშშ-ის მონაწილეობის შემცირება. ამასთან, მან ახსენა განცხადებები დარტყმების, ობიექტებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე კონტროლის შესახებ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, აშშ საბოლოოდ „დროულად მოეგო გონს“.