ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჯარების გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ მან გროდნოში, ეროვნული კულტურების მე-15 ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„რატომ უნდა წავიდეთ და ვიბრძოლოთ უკრაინაში სხვისი ნების დასაკმაყოფილებლად? გვინდა იქ გატარებულ ხორცად ვიქცეთ? არა, ეს არ გვინდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა უკრაინასთან „ცივილიზებული დიალოგისთვის მზადაა“.
„ჩვენი მიზანი ბრძოლა არ არის. გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ადამიანები, გვინდა მშვიდობიანად ცხოვრება. ჩვენ მშვიდობა გვსურს“, - განაცხადა მან.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსი არც აგრესორია და არც თანააგრესორი. მისი თქმით, მინსკი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის მისაღწევად.
„იმიტომ, რომ ომი კატასტროფაა. ომი არასოდეს მოგვცემს საშუალებას, შევიკრიბოთ ისე, როგორც დღეს. ჩვენ ომი არ გვჭირდება. მხოლოდ მშვიდობით, მშვიდობიანი შრომით შეგვიძლია გამარჯვება“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
„მინდა, რომ პოლონელებმა, ლიეტუველებმა და უკრაინელებმა მომისმინონ. ჩვენ არ გვინდა მათთან ბრძოლა. თუმცა ჩვენ მუდამ მზად ვართ, რომ დაგიცვათ“, - დასძინა მან.