ლონდონში 10 000-მდე ოჯახს წყალმომარაგების პრობლემა აქვს
„ჩრდილო-აღმოსავლეთ ლონდონში წყალსადენის ორი მთავარი მაგისტრალის დაზიანებამ ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა შეუქმნა. ჩიგველის რაიონში დაახლოებით 10 000 ოჯახს წყალი საერთოდ არ მიეწოდება“, - ამის შესახებ Sky News-ი წერს.
ავარია 8 აგვისტოს საღამოს მოხდა. წყალმომარაგების კომპანია Thames Water დაზიანებული მილების შეკეთებას ამ დრომდე ცდილობს. კომპანიის განცხადებით, სამუშაოები მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა, რის გამოც წყალმომარაგების სრულად აღდგენას დამატებითი დრო სჭირდება.
Thames Water-ში შეფერხებას ხანგრძლივ სიცხეს და გვალვას უკავშირებენ. კომპანიის განმარტებით, გამომშრალი ნიადაგი მიწისქვეშა მილების გადაადგილებას იწვევს, რაც მათი დაზიანებისა და გასკდომის რისკს ზრდის.
„ამ განსაკუთრებით ცხელი და მშრალი ამინდის გამო გამომშრალმა ნიადაგმა, შესაძლოა, მიწისქვეშა მილების გადაადგილება გამოიწვიოს და მათი გასკდომის რისკი გაზარდოს. ჩვენი ჯგუფები 8 აგვისტოს შემდეგ 24-საათიან რეჟიმში ადგილზე მუშაობენ, რათა შეკეთება და წყალმომარაგების აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. გვესმის, რამდენად არაკომფორტულია წყლის გარეშე დარჩენა, განსაკუთრებით ასეთ ცხელ ამინდში, და მადლობას ვუხდით მოსახლეობას მოთმინებისთვის“, - განაცხადა Thames Water-ის წარმომადგენელმა.
ლონდონში ამჟამად განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურაა, რის გამოც წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის შექმნილი ვითარება დამატებით პრობლემას წარმოადგენს.