Loading data...
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ განაცხადა, რომ მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ საკითხს თავდაპირველად პრეზიდენტ გიტანას ნაუსედეასთან განიხილავს.

შაკალიენეს თქმით, თუ მას პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, მინდაუგას სინკევიჩიუსის ნდობა არ ექნება, მაშინ მისი მთავრობაში მუშაობის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ლიეტუვის პრეზიდენტს შევუთანხმდი, რომ პრემიერ-მინისტრს ჩემს განაცხადს მასთან საუბრის გარეშე არ წარვუდგენდი. მაქვს განაცხადის პროექტი და დღეს პრეზიდენტს დაველაპარაკები. ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ შეიძლება ამან შეცვალოს ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ეს პოლიტიკაა“, - განუცხადა შაკალიენემ ჟურნალისტებს.

„პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის ნდობა არის ის ფაქტორები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა თქვენზე გარკვეული სამუშაოს დელეგირება“, - დასძინა მან.

შაკალინეს თქმით, მან ყველა ღონე იხმარა იმისათვის, რომ ლიეტუვის თავდაცვა სათანადოდ დაფინანსებულიყო და თავდაცვის ძალები რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერებულიყო.

ცნობისთვის, გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა რუგინიენემ შაკალიენესგან ახსნა-განმარტება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩატარებულ არაფორმალურ ბრიფინგთან, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით.

20 ოქტომბერს რუგინიენემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავდაცვის ინდუსტრიის ზედამხედველობის უფლებამოსილებას.

მიუხედავად იმისა, რომ შაკალიენემ განაცხადა, რომ არაფორმალური შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდა, პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ მინდაუგას სინკევიჩიუსმა განაცხადეს, რომ ისინი მას აღარ ენდობიან.