Loading data...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატოს აქვს საშუალებები, რომ კალინინგრადში რუსული ბაზები მიწასთან გაასწოროს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატო შეძლებს კალინინგრადში რუსული ბაზების სრულად განადგურებას. ამის შესახებ მან შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრისას ჟურნალისტებმა რუსული ანკლავი - კალინინგრადის ოლქი - ახსენეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც რუსეთის ამ ტერიტორიას ესაზღვრება, განაცხადა, რომ ნატომ უნდა აჩვენოს თავისი მტკიცე გადაწყვეტილება, შეაჩეროს იქიდან მომდინარე რუსული საფრთხე.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსებს, რომ შეგვიძლია, გავარღვიოთ მათი პატარა ციხესიმაგრე, რომელიც კალინინგრადში ააშენეს. ნატოს აქვს საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, მიწასთან გაასწოროს იქ არსებული რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო ბაზები“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, ბუდრისმა აღიარა, რომ ლიეტუვას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საშუალებები. 

„რუსული და უკრაინული დრონები რეგულარულად იჭრებიან ჩვენს საჰაერო სივრცეში. ასევე, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ზოგჯერ ლიეტუვის თავზე გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავენ. როდესაც ეს ხდება, საზოგადოებაში იზრდება შეშფოთება, რომ ლიეტუვის თავდაცვაში საკმარის ინვესტიციას არ ვახორციელებთ“, - განაცხადა დიპლომატმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რაც კი ოდესმე შექმნილა.

„სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის, ასევე, სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, ის შეუდარებელია. მოკავშირეებს შორის ნდობა შეკავების საფუძველია. მე-5 მუხლში ეჭვი რომც შეგვეპაროს, რატომ უნდა დაიჯეროს ჩვენმა მოწინააღმდეგემ ეს? დახმარების გაწევის ვალდებულებასთან დაკავშირებით ეჭვი არ მეპარება“, - დასძინა ბუდრისმა.