Loading data...
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვეთანხმები ზოგად პოზიციას, რომ ჩინეთის მიმართ ჩვენს პოლიტიკას უნდა გადავხედოთ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ქვეყნის პოზიციას ჩინეთის მიმართ პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობის შესახებ.

ბუდრისის თქმით, საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლებს შორის უკვე მიმდინარეობს დისკუსიები მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპებისა და მიზნების შესახებ, რომლებიც პეკინთან მომავალ ურთიერთობებს წარმართავს.

„ვეთანხმები ზოგად პოზიციას, რომ ჩინეთის მიმართ ჩვენს პოლიტიკას უნდა გადავხედოთ“, - განაცხადა მან.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართული შეხვედრის შემდეგ მას „საშინაო დავალება“ მისცეს.

„უამრავი საშინაო დავალება მივიღე და სამსახურში მივდივარ. რამდენიმე წინადადება წამოვაყენე, რომლებიც ასევე დამტკიცდა“, - დასძინა ბუდრისმა.

ცნობისთვის, ლიეტუვასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები 2021 წელს გაუარესდა, მას შემდეგ, რაც ვილნიუსმა ტაივანს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის შესაძლებლობა შესთავაზა. პეკინმა ეს „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დარღვევად შეაფასა, რის გამოც ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეამცირა და სავაჭრო შეზღუდვები შემოიღო.