ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მეორე „ორეშნიკზე“: დადგა დრო, სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ რუსული სამხედრო მანქანის ერთხელ და სამუდამოდ დასანგრევად
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული კიდევ ერთი მასობრივი თავდასხმა და უკრაინაში „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის ისტორიაში მეორედ გამოყენება კრემლის დამოკიდებულებაზე მეტყველებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ.
„მაშინ, როდესაც უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მიაღწიონ სამართლიან და მდგრად მშვიდობას, ტერორისტული რუსეთი... ავრცელებს ყალბ ინფორმაციას პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, რათა გაამართლოს უკრაინაზე გენოციდური დარტყმები, შემდეგ კი ათობით რაკეტას და ასობით დრონს უშვებს მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
მან რუსეთის მიერ BRSM „ორეშნიკის“ უკრაინაში მეორედ გამოყენებას „შეურაცხყოფა უწოდა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მშვიდობას ეძებს“.
„დადგა დრო, სერიოზული ნაბიჯები გადავდგათ რუსული სამხედრო მანქანის ერთხელ და სამუდამოდ დასანგრევად - უკრაინისთვის უკეთესი სამხედრო მხარდაჭერისა და საიმედო უსაფრთხოების გარანტიების, რუსეთის წინააღმდეგ „მკვლელი სანქციების“ და საერთაშორისო ასპარეზზე მისი სრული იზოლაციის გზით“, - ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.