ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი ენერგეტიკული ზავის შესახებ ბლეფობს და ტერორს აგრძელებს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკული ზავის შესახებ ბლეფობს და ამის ნაცვლად ზამთარს იარაღად იყენებს და უკრაინელების ტერორს აგრძელებს.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მცდელობებისა და პუტინის ბლეფის ფონზე „ენერგეტიკული ზავის“ შესახებ, რუსეთი აგრძელებს ზამთრის გამოყენებას იარაღად, ახორციელებს მასობრივ თავდასხმებს უკრაინაზე და განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა ბუდრისმა.
მან დასძინა, რომ ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის დროს ადამიანების სიბნელეში გაყინვა ტერორია.
„ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, ეს სისტემატური თავდასხმები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულებს წარმოადგენს და უნდა დაისაჯოს რეალური ზომებით. ამ თავდასხმების ბრძანების გამცემი და განმახორციელებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, - განაცხადა ლიეტუველმა მინისტრმა.
მან დასძინა, რომ ლიეტუვამ ცოტა ხნის წინ უკრაინას 2.4 მილიონი ევროს ღირებულების გენერატორები გადასცა და რუსეთის თავდასხმების მასშტაბები ყველასგან ძალისხმევის შესაბამის ზრდას მოითხოვს.
„სიტყვები და თავშეკავების ილუზიები რუსეთს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალას, სოლიდარობას და პასუხისმგებლობას შეუძლია აიძულოს იგი, შეწყვიტოს აგრესიული ომი“, - დასძინა ბუდრისმა.