ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-ის გარეშე ევროპას საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია
ევროპას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა შეერთებული შტატების გარეშე და ლიეტუვამ ვაშინგტონთან პრაგმატული, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები უნდა გააგრძელოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოება ეყრდნობა აშშ-სა და ნატოს.
„აშშ-სთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კავშირების შენარჩუნება უმთავრესი პრიორიტეტია. ალტერნატივა არ არსებობს და არც იარსებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. აშშ-ის გარეშე ევროპა დაუცველია“, - აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი განცხადებით, ევროპას არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შეაჩერებდნენ რუსეთის პოტენციურ აგრესიას.
მისი თქმით, ევროპა არ ფლობს საკმარისს სტრატეგიულ იარაღს - არც ბირთვულს და არც ჩვეულებრივს, რომელიც უზრუნველყოფდა სანდო შეკავებას.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავდაცვის ხარჯები და შეიმუშაონ ახალი უსაფრთხოების გეგმები, თუმცა დასძინა, რომ ევროპამ უნდა იმუშაოს აშშ-თან ურთიერთობების ფორმატის შეცვლაზე, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო საფუძველზე, რათა შენარჩუნებული იყოს საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ლიეტუვა თანმიმდევრულად ამ პოზიციაზეა და არ დაიღლება პარტნიორებისადმი მოწოდებით ეძებონ შეთანხმება, რომელიც ყველასთავის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბუდრისმა აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის ზურგის შექცევა და ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავება შეცდომა იქნება.
მისი თქმით, ევროპა უკვე არის ჩინეთის მზარდი გეოეკონომიკური გავლენის სამიზნე და აუცილებელია მედეგობის განმტკიცება, თუმცა ეს არ გამორიცხავს პრაგმატიზმს.
„მსოფლიო არასდროს ყოფილა და არც იქნება იდეალური და სამართლიანი ადგილი ყველასთვის, განსაკუთრებით პატარა ერებისთვის“, - დასძინა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.